Monday, June 21, 2010

ნეფერტიტი

მახსოვს ერთხელ შევესწარი ზამთარში
ვიღაც წყვილი ჯვარს იწერდა საყდარში
გამიშტერდა თვალი, გავხდი სხვაფერი
პატარძლის რომ დავინახე შაფერი.

მივატოვე ჩემი ლოცვა-ვედრება
სილამაზეს ქვეყნად რა შეედრება?
სახეს ეცა შუქი სანთლის ძლიერი
ნეფერტიტის მომაგონა იერი.

მისი სახე ახლაც თვალს მებლანდება
ვიცი დიდხანს, მანამ მომელანდება
სანამ ისევ არ შევხვდებით საყდარში
მე შავ ფრაკში, ის კი დიდ თეთრ კაბაში.

სოკო

გაზაფხულდა, მომილოცავს სოფი
აყვავდება მალე მთა და კორდი
დაიწყება ხვნა და თესვა სოფლის
გაზაფხულის ლამაზი აკორდი,

ზაფხულის დროც მალე მოვა სოფო,
მივაწყდებით ზღვის ნაპირებს ხარბად
ბუნგალო დგას როგორც დიდი სოკო
ზაფხულს მასთან გავატარებთ ალბათ.