Thursday, August 4, 2016

###


მე ვიცი რას ნიშნავს 
სხვისას რომ ინდომებ,
სიმშვიდეს ტოვებ და
გიჟივით იომებ,
    მე ვიცი რას ნიშნავს
    სხვისას რომ იპარავ,
    რაც უფრო გინდება
    მით უფრო მიქარავ,
მე მახსოვს რას ვგრძნობდი
როდესაც გხედავდი,
სხვის თვალწინ გიცქერდი
და რამდენს ვბედავდი,
     ახლა კი გატარებ ნაქურდალ-ნაპარავს
     მაშინ ზღვაც ჩუმდება რომ იწყებ     ლაპარაკს,
     და მოგაქვს სიმშვიდე, არასდროს ვიომებ
     მე მახსოვს რას ნიშნავს სხვისას რომ ინდომებ.
                                                                    

Sunday, July 24, 2016

ბროწეულის ყვავილი

ჩემს ეზოში შესევია ყვავილები ბროწეულს
ნეტავ ისევ თუ ატარებ ჩემს ნაჩუქარ ძოწეულს,
თუ პირველი სიყვარულის სამკაულიც ამძიმებს
გაიფიქრე მოდი სხვისთვის გავიმეტებ ამ მძივებს.

მე კი ისევ დავატარებ შენს კოცნას
როგორც ბავშვი ჭირვეული შელოცვას,
შენი სუნი მახსოვს ისე როგორც ძაღლს
და მოგაგნებ როგორც ძაღლი თავის სახლს.

Thursday, June 30, 2016

oTTo


მე სიცოცხლე მიყვარს
შეძენილი ახლად
არ მოვსულვარ მარტო
ანგელოზი მახლავს
სიცოცხლეზე მეტად
მიყვარს სითბო ხალხის
ჟრიამული მესმის
მამაჩემის სახლის,
გაღვიძება დილით
ანგელოზი მიცდის
ეცინება მას რომ
მე სიცილი ვიცი,
გავიზრდები მალე
რომ სამყარო ვიგრძნო
მზე მეძახის ციდან
სითბო არ გაიძრო,
მე სიცოცხლე მიყვარს
შეძენილი წინათ
არ გეგონოთ მარტო
ჩემს ანგელოზს სძინავს...

Saturday, May 14, 2016

მზე აღარ ჩანს, მგონი მოსაღამოვდა
გაზაფხულის სუნი ადევს ჩემს ეზოს,
ხეების ქვეშ გვირილები ხარობს და
ნეტავ მათთან საუბარი შემეძლოს.
  გაზაფხული გაღიმების მსგავსია
  და მარცხენა ტუჩის კიდეს მაგონებს
  მე სიცოცხლე თითქოს ტანზე მაცვია    
  და სიკვდილი ვერასდროს დამამონებს.

Thursday, February 11, 2016

ბავშვობა



გახსოვს წინათ ზამთარი წელი რომ იცვლებოდა,
გაყინული ჭადარი შენს მოსვლამდე მხვდებოდა.
ღამის ვოიაჟები მთავრდებოდა ბუხართან,
შენი წვრილი მაჯებით ნეტავ ისევ თუ ხატავ,
თავი გედო კალთაში მოფერებას მპარავდა,
გეცვა ჩემი პერანგი მუხლებამდე გფარავდა.
მერე დიდხანს გითვლიდი გადავარცხნილ თმის ღერებს
და ვუსმენდით ბავშვობის მივიწყებულ სიმღერებს,
ახლაც ისევ ის დროა, გარეთ ისევ შობაა,

 ასე უცებ გავზრდილვართ თუ ისევ ბავშვობაა...