Wednesday, November 22, 2017

ნოემბერი

გახსოვს გჩუქნიდი ვარდებს ასობით
გვირილებს ერთად ვკრეფდით მინდორში,
ვერ მეჯერება მეტად ვფასობდით
ანდა გვიყვარდა მეტად იმ დროში?

გახსოვს ვამბობდი მე ვარ თევზები,
ხან მეყვარები, ხან მომბეზრდები
ისიც გითხარი მიყვარს სიმშვიდე
როცა ზღვას ვუსმენ ხელს არ მიშლიდე,

ახლა ნოემბრის ორია ოცდა
მალე ზამთარი ძალებს მოიკრებს,
კვლავ მომინდება სახეზე კოცნა
გვირილებს მინდვრად როდის მოგიკრეფ

თუმცა ისეთი მომყვება განცდა
ამ ქვეყნად ჩემი მარტია მარტო
ხშირად ნაჩქარებს ჯობია დაცდა
გასულზე ფიქრში დრო რომ არ კარგო.

გახსოვს გჩუქნიდი იასამანებს
როცა ვარდები არ მქონდა ასად,
ამას ვეღარც დრო დაასამარებს
რა წლებს გჩუქნიდი და თან რის ფასად.

22.11.17

Thursday, July 13, 2017

ანგელოზები

ანგელოზები მიწაზე ვერ ძლებს
ანგელოზები მიდიან ცაში
ამ სამყაროში ვხვდები დემონებს
და სილამაზეს დავეძებ მათში

ნეტავი ღმერთო დამიჯერებდე
მოაბრუნებდე სამყაროს წაღმა
ჩამოხვიდოდე ანგელოზებით
და დემონები გავუშვათ მაღლა

რადგან აქ არი ჩემი სამოთხე
რადგან აქ მიყვარს სუნი სიცოცხლის
ჩამოხვიდოდე დედამიწაზე
დარჩენილ დღეებს მერე ვინ მოთვლის.

Wednesday, March 22, 2017

"""

მოდის, ოცნებების ჟამი ზამთარია
მე კი ჩემი მარტი მავსებს იმედებით,
თურმე დედამიწა მეტის ამტანია,
ნეტავ რომ მშველოდეთ რას გაიმეტებდით?
       ახლა სიყვარულზე აღარ მეწერება
       ირგვლივ რომ ცოდვილი ადამ-ევებია,
       ქალი გაურბის და სხვაგან ეწერება
       კაცს კი ყოველივე მიუტევებია.
ამას არაფერი შეცვლის ალბათ აწი
როგორც მეტასტაზი სულში გასულია,
სიტყვა შერჩა ისიც სუფრას თანაც ყანწით
თურმე წინაპრები მხოლოდ წარსულია.
       მოდი სიყვარული შვილზე   გავასხვისოდ
       თანაც გავაყოლოთ ფიქრი და გონება
       თვალებს დასახრელახ დროც კი არ   ვაღირსოდ
       სწორედ ეს იქნება ჩვენი მოგონება.
                                                 
                                                 

---


მე რომ გოგო მიყვარდა
ალბათ უკვე ქალია
ვიცი მოგონებები
შემოდგომის ბრალია,
მახსოვს მისი სიტყვები
ხშირად მიმეორებდა
სურდა ჩემთან სიცოცხლე
სხვისთვის არ იომებდა,
ჰქონდა უცხო სიცილი
და არაფრის ფობია
ფეხზე წვრილი ხალების
წყობა კასიოპია.
ჩვენ გვიყვარდა ღამეში
მთვარეს გამოკიდება
გვირილების მინდორში
სხვასთან არ მომინდება.
მაგრამ აღარც გოგოა
აღარც კასიოპია
უკვე მოდის ზამთარი
და სიცივის ფობია.

                       

Saturday, January 28, 2017

შორს

თვალიდან რომ შორს - გულიდანაც შორს
მომძახიან წლები როგორც მონაჭორს,
მასწავლიდნენ წინად დაიხსომე სჯობს,
რომ ოცნების ნაყოფს მხოლოდ ქალი შობს.

მასწავლიდნენ წინად გაუღიმე სხვებს
სადაც ნახავ იებს დედის ცრემლი სდევს
ვეღარ ვითვლი ახლო სამეგობრო მტრებს
და სამყაროც ვიწრო უკვე აღარ მრგებს.

თვალიდან რომ შორს გულიდანაც  შორს,
ოცნებების ნაყოფს ქალი კლავს და შობს.