Wednesday, November 28, 2018

მუზა

შენა ხარ ჩემი გალა და ფრიდა
ისინი იყვნენ მუზების ღერძი
მიყვარს ჩხუბისას თავს რომ გიხრი და
ჩემში არსებულ სიჩუმეს ებრძვი
ის იყო კალო-რივერა, დალი
მსგავსი ქალების მთელი რიგია
ვერ ამიხსნია ვისია ბრალი
რომ ჩემი გვარი ვერ მოგირგია.
მიუხედავად ამის ნათელო
გული მაძალებს ვწერო შენს თმებზე
შენ მომანდომე ერთად გავთელოთ
გაზაფხულობით ბალახი მთებზე
შენა ხარ ჩემი გალა და ფრიდა
ისინი იყვნენ ღმერთების მუზა
ვიცოდი დრო რომ სწრაფად მიქრის და
შენში ჩავუშვი მე ჩემი ღუზა.
27.11.2018.

Sunday, September 16, 2018

ლა ლიკა


ზღვა ისე ღელავს როგორც ამასწინ
იღრუბლება და სანამ დამაწვიმს,
თავს შევაფარებ ბუნგალოს ისლის
ნეტავ ფიქრები ისევ თუ გიშლის,
     დატოვო ქმარი, შვილს შეელიო
     მითხრა მოვედი როგორც გველიო,
     შემომაწოდე წითელი ვაშლი
     ტალღებად შეკრულ თმას გადამაშლი,
სუნთქვას მიმძიმებს თმების მორევი
ზღვა შემოგვყურებს ღიმილმორევით,
და გადმოსროლილ ტალღებს აბარებს
ახლა თუ იცით თავს ვის ადარებთ,
    თითქოს მივყიდეთ სული დემონებს
    რომ ავისრულოთ რაც ვიმედოვნეთ,
    როგორც ლაგამი ამოვდეთ წარსულს
    მობრუნება კი არასგზით არ სურს,
მაგრამ ეშმაკზე მიყიდულ სულებს
ქვეყნად სურვილებს ვინ არ უსრულებს,
შემოვაბრუნეთ წარსული აწმყოდ
მომავალი რომ კვლავ გადავაწყოდ,
 დიდი ხნის შემდეგ ზღვა ისევ გვეძებს
 სხვადასხვა მხარეს მიმართულ თევზებს,
 ხელი ხელს იჭერს ჰორიზონტს ვუცქერთ
 შენი ხმა მესმის გვერდიდან უცებ:
''ხელი ჩამკიდე იმაზე მეტად
ვიდრე ფესვები მიწაში მუხის
აღარასოდეს დაგტოვებ კენტად
რომც მომიწიოს მოდრეკა მუხლის''.

ბათუმი
09.09.18

Sunday, July 22, 2018

კეისარი

მინდა გიყვარდე როგორაც წინად,
ნაიარევით მახსენებ შვილებს,
როცა მოვკვდები მე მოვალ წვიმად,
თმას დაგისველებ ტალღებად შლილებს.
ახლა ამ ზაფხულს შენი სუნი აქვს,
ჩაგიხლართავდი თმაში გვირილას
ჩემს გულს ყოველთვის ერთი სული აქვს
გავიღვიძებდეთ ერთად იმ დილას.
როცა ფანჯრიდან ვხედავდეთ ტალღებს,
ზღვის სივრცეები ჰორიზონტს იქით,
და ყოველ დილით როცა თვალს ვახელ
შემოხვიდოდე ყავიან ჭიქით.
ფეხშიშველები ზღვისკენ გავრბოდეთ
ჩამავალი მზე დიდხანს არ იცდის
შენ კი ყოველთვის ამას ამბობდე
სად ეჩქარება ნეტავ თუ იცის.
მინდა გიყვარდე როგორაც წინად
ნაიარევით მახსენებ შვილებს,
თუ კი მოვკვდები მე მოვალ წვიმად
თმას დაგისველებ ტალღებად შლილებს.