Tuesday, January 22, 2019

xxx




დამესიზმრე შავი კაბით ბრეტელზე
ორსულობა გეტყობოდა მკერდამდე,
მომეხვიე თავმიდებულს კედელზე
ჩამჩურჩულე მინდა შენით მკვებავდე,
მივატოვე სახლი, ქმარი შვილიან
ვერ გავძელი უშენობის არყოფნით,
შენთან ყოფნის წლები ვერ წამიშლია
მოგადექი სიყვარულის ნაყოფით,
შემოგხედე თავი კედელს ავწიე
გავიფიქრე ეს ხომ მხოლოდ ძილშია,
მერე კოცნა თვალზე შემომაწიე
ჩვევა ალბათ დღემდე ვერ მოგიშლია,
დამესიზმრე შავი კაბით ბრეტელზე
შევცქეროდით სიყვარულის მომავალს,
მოგიზიდე როგორც ბადეს მეთევზე
ვჩურჩულებდი ვერ ავწონი მე ამ ვალს.
შენ დამესიზმრე ბედობა ღამით
ირგვლივ გეხვია გველები ჭალის,
ხელებს გიწვდიდი გშველოდი ამით
გადავირბინეთ ველები ჩალის,
გვექაჩებოდნენ სხივები მზისკენ
უკან დავტოვეთ ქვეწარმავლები
მეძახდი ჩემი იარე გზისკენ
როცა ჩამესმა ხმები მამლების

Wednesday, November 28, 2018

მუზა

შენა ხარ ჩემი გალა და ფრიდა
ისინი იყვნენ მუზების ღერძი
მიყვარს ჩხუბისას თავს რომ გიხრი და
ჩემში არსებულ სიჩუმეს ებრძვი
ის იყო კალო-რივერა, დალი
მსგავსი ქალების მთელი რიგია
ვერ ამიხსნია ვისია ბრალი
რომ ჩემი გვარი ვერ მოგირგია.
მიუხედავად ამის ნათელო
გული მაძალებს ვწერო შენს თმებზე
შენ მომანდომე ერთად გავთელოთ
გაზაფხულობით ბალახი მთებზე
შენა ხარ ჩემი გალა და ფრიდა
ისინი იყვნენ ღმერთების მუზა
ვიცოდი დრო რომ სწრაფად მიქრის და
შენში ჩავუშვი მე ჩემი ღუზა.
27.11.2018.

Sunday, September 16, 2018

ლა ლიკა


ზღვა ისე ღელავს როგორც ამასწინ
იღრუბლება და სანამ დამაწვიმს,
თავს შევაფარებ ბუნგალოს ისლის
ნეტავ ფიქრები ისევ თუ გიშლის,
     დატოვო ქმარი, შვილს შეელიო
     მითხრა მოვედი როგორც გველიო,
     შემომაწოდე წითელი ვაშლი
     ტალღებად შეკრულ თმას გადამაშლი,
სუნთქვას მიმძიმებს თმების მორევი
ზღვა შემოგვყურებს ღიმილმორევით,
და გადმოსროლილ ტალღებს აბარებს
ახლა თუ იცით თავს ვის ადარებთ,
    თითქოს მივყიდეთ სული დემონებს
    რომ ავისრულოთ რაც ვიმედოვნეთ,
    როგორც ლაგამი ამოვდეთ წარსულს
    მობრუნება კი არასგზით არ სურს,
მაგრამ ეშმაკზე მიყიდულ სულებს
ქვეყნად სურვილებს ვინ არ უსრულებს,
შემოვაბრუნეთ წარსული აწმყოდ
მომავალი რომ კვლავ გადავაწყოდ,
 დიდი ხნის შემდეგ ზღვა ისევ გვეძებს
 სხვადასხვა მხარეს მიმართულ თევზებს,
 ხელი ხელს იჭერს ჰორიზონტს ვუცქერთ
 შენი ხმა მესმის გვერდიდან უცებ:
''ხელი ჩამკიდე იმაზე მეტად
ვიდრე ფესვები მიწაში მუხის
აღარასოდეს დაგტოვებ კენტად
რომც მომიწიოს მოდრეკა მუხლის''.

ბათუმი
09.09.18

Sunday, July 22, 2018

კეისარი

მინდა გიყვარდე როგორაც წინად,
ნაიარევით მახსენებ შვილებს,
როცა მოვკვდები მე მოვალ წვიმად,
თმას დაგისველებ ტალღებად შლილებს.
ახლა ამ ზაფხულს შენი სუნი აქვს,
ჩაგიხლართავდი თმაში გვირილას
ჩემს გულს ყოველთვის ერთი სული აქვს
გავიღვიძებდეთ ერთად იმ დილას.
როცა ფანჯრიდან ვხედავდეთ ტალღებს,
ზღვის სივრცეები ჰორიზონტს იქით,
და ყოველ დილით როცა თვალს ვახელ
შემოხვიდოდე ყავიან ჭიქით.
ფეხშიშველები ზღვისკენ გავრბოდეთ
ჩამავალი მზე დიდხანს არ იცდის
შენ კი ყოველთვის ამას ამბობდე
სად ეჩქარება ნეტავ თუ იცის.
მინდა გიყვარდე როგორაც წინად
ნაიარევით მახსენებ შვილებს,
თუ კი მოვკვდები მე მოვალ წვიმად
თმას დაგისველებ ტალღებად შლილებს.

Wednesday, November 22, 2017

ნოემბერი

გახსოვს გჩუქნიდი ვარდებს ასობით
გვირილებს ერთად ვკრეფდით მინდორში,
ვერ მეჯერება მეტად ვფასობდით
ანდა გვიყვარდა მეტად იმ დროში?

გახსოვს ვამბობდი მე ვარ თევზები,
ხან მეყვარები, ხან მომბეზრდები
ისიც გითხარი მიყვარს სიმშვიდე
როცა ზღვას ვუსმენ ხელს არ მიშლიდე,

ახლა ნოემბრის ორია ოცდა
მალე ზამთარი ძალებს მოიკრებს,
კვლავ მომინდება სახეზე კოცნა
გვირილებს მინდვრად როდის მოგიკრეფ

თუმცა ისეთი მომყვება განცდა
ამ ქვეყნად ჩემი მარტია მარტო
ხშირად ნაჩქარებს ჯობია დაცდა
გასულზე ფიქრში დრო რომ არ კარგო.

გახსოვს გჩუქნიდი იასამანებს
როცა ვარდები არ მქონდა ასად,
ამას ვეღარც დრო დაასამარებს
რა წლებს გჩუქნიდი და თან რის ფასად.

22.11.17

Thursday, July 13, 2017

ანგელოზები

ანგელოზები მიწაზე ვერ ძლებს
ანგელოზები მიდიან ცაში
ამ სამყაროში ვხვდები დემონებს
და სილამაზეს დავეძებ მათში

ნეტავი ღმერთო დამიჯერებდე
მოაბრუნებდე სამყაროს წაღმა
ჩამოხვიდოდე ანგელოზებით
და დემონები გავუშვათ მაღლა

რადგან აქ არი ჩემი სამოთხე
რადგან აქ მიყვარს სუნი სიცოცხლის
ჩამოხვიდოდე დედამიწაზე
დარჩენილ დღეებს მერე ვინ მოთვლის.

Wednesday, March 22, 2017

"""

მოდის, ოცნებების ჟამი ზამთარია
მე კი ჩემი მარტი მავსებს იმედებით,
თურმე დედამიწა მეტის ამტანია,
ნეტავ რომ მშველოდეთ რას გაიმეტებდით?
       ახლა სიყვარულზე აღარ მეწერება
       ირგვლივ რომ ცოდვილი ადამ-ევებია,
       ქალი გაურბის და სხვაგან ეწერება
       კაცს კი ყოველივე მიუტევებია.
ამას არაფერი შეცვლის ალბათ აწი
როგორც მეტასტაზი სულში გასულია,
სიტყვა შერჩა ისიც სუფრას თანაც ყანწით
თურმე წინაპრები მხოლოდ წარსულია.
       მოდი სიყვარული შვილზე   გავასხვისოდ
       თანაც გავაყოლოთ ფიქრი და გონება
       თვალებს დასახრელახ დროც კი არ   ვაღირსოდ
       სწორედ ეს იქნება ჩვენი მოგონება.
                                                 
                                                 

---


მე რომ გოგო მიყვარდა
ალბათ უკვე ქალია
ვიცი მოგონებები
შემოდგომის ბრალია,
მახსოვს მისი სიტყვები
ხშირად მიმეორებდა
სურდა ჩემთან სიცოცხლე
სხვისთვის არ იომებდა,
ჰქონდა უცხო სიცილი
და არაფრის ფობია
ფეხზე წვრილი ხალების
წყობა კასიოპია.
ჩვენ გვიყვარდა ღამეში
მთვარეს გამოკიდება
გვირილების მინდორში
სხვასთან არ მომინდება.
მაგრამ აღარც გოგოა
აღარც კასიოპია
უკვე მოდის ზამთარი
და სიცივის ფობია.

                       

Saturday, January 28, 2017

შორს

თვალიდან რომ შორს - გულიდანაც შორს
მომძახიან წლები როგორც მონაჭორს,
მასწავლიდნენ წინად დაიხსომე სჯობს,
რომ ოცნების ნაყოფს მხოლოდ ქალი შობს.

მასწავლიდნენ წინად გაუღიმე სხვებს
სადაც ნახავ იებს დედის ცრემლი სდევს
ვეღარ ვითვლი ახლო სამეგობრო მტრებს
და სამყაროც ვიწრო უკვე აღარ მრგებს.

თვალიდან რომ შორს გულიდანაც  შორს,
ოცნებების ნაყოფს ქალი კლავს და შობს.