Friday, December 25, 2009

Bella Donna

მაგონდება თმების გაფურჩქნული წყობა
მის თვალებში ქალის ბავშვური განწყობა,
ბზინვარება მუქი, ხორბლისფერი კანის
და ღიმილი თეთრი, უცხო ფორმა ტანის,
მოტანილი ქარის თურმე მიაქვს ნიავს
ნაადრევი სჯობსო სულ ყველაფერს გვიანს.
მენატრება ქერა გაფურჩქნული თმები,
ვზივარ ბუხრის პირას და ფიქრებით ვთბები.



Tuesday, December 15, 2009

არათითი

მინდა გაკოცო იმ არათითზე
ბეჭდის სიმრგვალეს რომ ვიგრძნობ კბილზე
რომელიც ამხელს, სხვისია ხელი
და მისგან აწი ნურაფერს ელი,

ვიცი რას ვიგრნობ, მაინც მინდება
კოცნა შენს თითზე თანაც არაზე
მახსოვს ვხვდებოდით რომ შებინდდება
ჩუმად მეტყოდი, კარი ჩარაზე...

Sunday, December 13, 2009

11

მზე ამოსულა, გათენდა!
ძლივს ვახელ თვალის ნაპრალებს,
კიდევ მომაკლდა ერთი დღე
არ ვიცი ვის დავაბრალებ...

მიყვარს

მიყვარს გედები, მტრედები
კავკასიონის ქედები
ღამით მუსიკა, ჯაზები
ზღვის ჭრელი პეიზაჟები

მიყვარს ქალები, თვალები
ლურჯი შემონამრგვალები,
ტანი შიშველი შველივით
შავი ხატულა ხალები...

რიჟრაჟი

დილით მტრედისფერ ცას ვეამბორე
ტუჩებით ცვარს რომ გადაენამა
მომნატრებიხარ ჩაიჩურჩულა
თითქოს ხმამაღლა თქმა დაენანა,

სადღაც მიღოღავს ღრუბლის ნაფოტი
თითქოს ელოდეს წინ ეშაფოტი
დგას მათხოვარი მინატოვარი,
ჭაღარა თეთრად მინათოვარი,

სეირნობს ჩემთან ზამთრის სიცივე
ფეხქვეშ ფოთლები მეგება ჭადრის,
წარსულზე ფიქრი დღეს მოვიცილე
ჩამოფარება ერგება ჩადრის.

გამოჩნდა ცაზე მთვრე ლაქებით
მიმოაბნია შუშის ნამტვრევი,
ღამემ მომიყვა ლექსი საქები
დილით კვლავ ვკოცნი ზეცას ნათევი.

ბჟოლა

თვალის ფერი როგორც შავი ბჟოლა
დავინახე, უცებ გამაჟრჟოლა,
ცრემლებს ღვრიდა დაღვენთილი სანთელი
იდგა ღამე პოლარული, ნათელი.

მაგონდება სახე განაციები
ხელს უმკობდა ლურჯი თანაც იები
შევიგრძენი მის ხმაში სისპეტაკე
და ამ გრძობას ხარბივით დავეტაკე,

იდგა მისი იუბილე მეოცე
შემახსენა,მაგრამ არც გავიოცე,
მივაწოდე ვარდი შავი ბარხატის
ვაგრძნობინე შესადარი ხარ ხატის.

პასუხს ვთხოვდი რაც კი რამ განმემარტა
მომაშტერდა, ალბათ რაღაც მემართა.
მივხვდი გვიან, უნდა მეთქვა ბოდიში
ეს სიტყვაც კი დამავიწყდა ლოდინში

მითხრა, გუშინ ზღვაძე ბევრი იანცე
ფუჭი არის ქალს პატივი გვიან ცე,
წყალთან ქვიშას ადის ცხელი ალმური
მინდა ქროდეს სიო იმ საღამური

ჩამავალ მზის ზღვას სხივები ეყარა
სილუეტი თვალწინ გადამეფარა,
ცოტა სითბო გვჭირდებოდა თუ მეტი
დღეს კი თურმე არ გამოგვდის დუეტი.

უმიზეზო იყო მისი ზმანება
ჩემი გულის მორჩა აქ დავანება,
თურმე ვიღაც ჩუმად სხვისკენ მექაჩა
გვიან მივხვდი მაშინ რაც კი ექაჯა.

დამაშორა ბჟოლის ძირას მდგარ ასულს
ქალი ხესთან მზეს უცქერდა გადასულს.
მიეფარა თვალებს მისი მშვენება
შევიგრძენი სულის გადაშენება,

დავრჩი მარტო თითქოს არვინ მებადა
და უეცრად სხვა აზრი დამებადა:
წავალ იქნებ მივაკვლიო ჩემს სოფელს
გვერდით მაინც ვეყვარები მეზობელს.


მოგონება

მაგონდება ის დღეები
და შიშველი შემოდგონა
ჩემს სამყაროს წალკოტებში
შენი ფეხის შემოდგომა,

სიყმაწვილის წლები ბროლის
მე მის ალერსს შევალიე
ხან ვიყავი მონა მისი,
ხან გრაფი და ”შევალიე”

დღესაც ისე ფეთქავს გული
ცემით განაწამები
წლები უცებ გაილია,
წლები განა წამები,

ნეტავ ისევ ჩემს თვალებში
მისი სახე აირეკლოს
შემოდგომის ხეებივით
ფოთლები რომ აღარ ეკლოს.

Friday, December 11, 2009

ზამთრის ლეგიონი

ქალაქს იცავს ზამთრის თეთრი ლეგიონი
სიცხის აღარავის აღარ ეშინია
ხალხი მოფუზულა როგორც ემბრიონი
შუშა ჩუქურთმებით გადათეშილია...

Tuesday, December 1, 2009

ალუჩის ბუში

როგორც ალუჩას თავისი ბუში
მეც ისე მიყვარს რომ ყვავის ნუში
რამ გამახსენა ნუში, ალუჩა?
ზამთარს ხომ ჩვენთან ბოლო არ უჩანს.

მაგრამ ოდესმე გაზაფხულდება
ზამთარს ჯინივით მოაქცევს ბოთლში,
ასე არასდროს არ დასრულდება
დავიბადები კვლავ მარტის ოთხში.

Monday, November 23, 2009

გუშინ

მზეს გავუსწორე თვალები გუშინ
და იცი ჩუმად რა მითხრა ყურში?
სხვასაც თუ ასე ჩახედავ გულში
ნუღარ მომძებნი ნურც შუა ზაფხულში

ეჭვიანია მზე როგორც ქალი,
ვერ დათმობს თუ კი მოწყვიტე თვალი
ვიგონებ როგორ მითბობდა ხელებს
მასზე შეხედვაც მიტოვებს ცრემლებს.

Thursday, November 19, 2009

მარტი

”მე დავიბადე აპრილის თვეში”
ასე იგონებს ყველა ტიციანს
აპრილს გავცვლიდი მარტში თან ჭრელში
მარტი უცხოა და არ იციან,

ზოდიაქოში? ვირჩევდი თევზებს
ზედა რომ ქვედას გარეშე ვერ ძლებს,
ვარსკვლავებიდან მიზიდავს მთვარე,
მასავით მეც რომ მაქვს ბნელი მხარე.

Tuesday, November 17, 2009

ავაზა

წინ შემეჩეხა შავი ავაზა,
ცოლობა ვთხოვე, ხმა დაანაზა,
შემომანათა თვალები ბნელი
უკან გადავდგი ნაბიჯი ნელი.

მე შენგან მხოლოდ მჭირდება თათი,
და მორჩა იქვე ჩვენი კამათი...
ამაყად იდგა შავი ავაზა
და გული მისი შემომთავაზა.

Sunday, November 15, 2009

მთვარის ფაზები

რად გითხარი მომწონხართქო? აწი დაინაზები
და წამოვა წვიმასავით მოზომილი ფრაზები,
მთვარესავით გამატარებ - შევსებამდე ფაზები
თან მედები ისე უცებ, როგორც მეტასტაზები...

???

ქარი ზღვის ტალღებს აშლის ვით აფრებს
შეურაცხადი ყოველთვის აფრენს???

Saturday, November 14, 2009

სახე წამეშალა

სახე წამეშალა როგორც ნაფანქრალი
სადღაც ჩამოვჯექი, მგონი საფეხურზე,
კივის ელმავალი ახლად დანაძრალი
ესეც მაწუხებს და ხელებს ვიჭერ ყურზე,

მგონი დავიღალე, მაგრამ რა დროსია
ჯერ ხომ ოცდაშვიდიც ვეღარ დავითვალე,
როგორც სიკვდილს თურმე - დაღლას არ სცოდნია
არც დრო, არც ასაკი, არც ის რა ისწავლე,

ახლა მხოლოდ ჩემთან არის ნატაძრალი
ჩუმად მეუბნება: შენს მეტს აღარ ველი,
ვეღარ დამიხატავს ვეღარც რაფაელი
სახე წამეშალა როგორც ნაფანქრალი.

Thursday, November 12, 2009

მოგანდომინო

       ისევ ღამე, ისევ წვიმა, ისევ ახლის ლოდინი
       ხალხი ისე იძირება, ზღვის ფსკერისკენ ლოდივით
       მინდა დილით გვაღვიძებდეს მზის სხივები თვალებში
       ერთმანეთი რომ დავტოვოთ სიყვარულის ვალებში
ისევ დილა, ისევ ქარი, ისევ მოკლე ქალაქი
ხალხი დადის გაბუძგული თითქოს მოკლეს დალაქი,
მინდა დილით გაღვიძება ჩემთან მოგანდომინო
მხარი მხარზე რომ მივადოთ, როგორც წყვილი დომინო.
      

სცენა

ნუთუ ერთად ვართ, სპექტაკლზე ისიც?
ვერც ვიფიქრებდი, ღმერთო ხომ იცი?
ვუყურებ სცენას და ვფიქრობ რაზე?
ჩაკეტეთ კარი და გადარაზეთ,
რომ დიხანს ვიყოთ გვერდიგვერდ ახლო
თუნდ ნეკა თითი თმაზეც არ გახლო,
მინდა ჩავხედო შენს თვალის ბადეს,
მაგრამ სცენაა წინ, ბორკილს მადებს,
რომ ვერ მოგხედო გვერდით თუნდ წამით
შურიანია სპექტაკლი ამით...
ნუთუ ერთად ვართ, სპექტაკლზე ისიც
ჩემსავით ნეტავ თუ ფიქრობს ისიც?


Wednesday, November 11, 2009

კუ ვერ გავა ბაკნიდან

ლალი, ლიკა თუ ორივეს ნარევი, ერქვა
რატომ დავრჩი გადანარევი?
როცა მისი არ მხიბლავდა გონება
სხვის დაკრულზე ცეკვით რომ ემონება,

გვიან მივხვდი, როგორც კუ და ბაკანი
ცეკვა იყო მისი სულის საკანი,
არ იფიქროთ ქალს ვხატავდე რითმებით
მას ვუყვები, ჩემთვის რამდენს ითმენდი.

საუკუნის ითვლი ზუსტად მეხუთედს
აღარ მახსოვს რამდენჯერ ჩამეხუტე,
შემიყვარდი შენს გამხელილ სიცილზე
მავიწყდება როგორია სიცივე...

კუ ხომ ვეღარ გავა თავის ბაკნიდან
მე კი მითხრეს, კუს ერიდე, აკვნიდან
ვერ წახვედი მე გაგიშვი თითებით
მთვარეს გატან ღამით მარგალიტებით,

შენ მაჩუქე გული, მაგრამ სიცილზე
ვიხელცივე -მკვდარს არ მეგრძნო სიცივე...

Monday, November 9, 2009

ნია

პატარა და მოკლედ, მხოლოდ
ნია...
სამმა ასომ როგორ ამაბნია?
იქნებ ჩემს თავს მხოლოდ ნიავია
და ქარიშხალს ჯერ არ მოუგნია...

Saturday, November 7, 2009

სხვისი

ჩავუკარი თვალი - თვალში ჩამიკრა
არ დამცალდა, პირი ხელით ამიკრა,
გამოვყევი მითხრა თვალის ნაკვალევს
ეს წუთები შენთან ყოფნას მაძალებს,
პირთან ერთად თურმე სუნთქვაც ამეკრა
ქალი იყო ხელი როგორღამეკრა?
დილით ვხედავ კარში ჩემს საწოლიდან
არ წახვიდე!!! მითხრა - სხვისი ცოლი ვარ...

Friday, November 6, 2009

ჭკუად მყოფელი

ვხედავ ირგვლივ ხალხი შემომეცალა
თითქოს ყველას რაღაც ფერი ეცვალა,
მიაკვლიეს ალბათ თავის შარაგზებს
და ჩემთვის კი კარი მაგრად ჩარაზეს.

მეგობრები შემრჩა თითზე სათვლელი
მათ სიწმინდეს შეედრება სანთლები,
მინათებენ გასავლელ გზის ბილიკებს
ამ სიკეთეს ვერავინ დაივიწყებს,

ეს სამყარო არის წუთით სოფელი
განა მეტხანს გაძლებს ჭკუად მყოფელი?

ტუჩის გემო

შენი ტუჩის გემო მინდა გავიგო
სიყვარულის კოშკები რომ აგიგო,
რომლებიც არ დაინგრევა არასდროს
შენი ტრფობა სიკვდილამდის გამათბობს.

თუ კი გითხრა მიყვარხართქო ძვირფასო
ეცადე, რომ თავი არ დაიფასო,
გთხოვ, მთელი გულით და სულით იმას რომ
ეგ სიტყვები სხვებთან არ გამიბაზრო.

ტურა

კუნძულ-კუნძულ, ძუნძულ-ძუნძულ
ტურა ეძებს თავის კუნძულს,
ტურა ეძებს თავის კუნძულს
და წააწყდა მთას მოკუნძულს,
რაღა ექნა ტურას უძლურს
შეეკედლა მთას მოფუზულს...

Thursday, November 5, 2009

”დაიმონდები”

ღამე, მთვარე, ცაზე ყრია შუშები
ვერ ახიკავს დედამიწის მუშები
ბრწყინავს ისე, როგორც ”დაიმონდები”
მეყვარები, მუდამ მომაგონდები...

"ბისტრო”

გუშინ ღამე გავათენე თეთრად
ვიგონებდი რომ ვიყავით ერთად,
გასარუჯად ცხელი მზის ქვეშ პლაჟზე
დრო მიფრინავს ვით მხედარი რაშზე.
დღესაც მახსოვს მიმოზები მორცხვი
და მწვანეში ჩაძირული კონცხი,
მახსოვს სოკოს გემრიელი პიცა
ვიღაც ქალმა შეკვეთა რომ მისცა,
ღამით ყველგან ანათებდა ”ბისტრო”
ეჰ, არასდროს დაბბრუნდება ის დრო...

ვიღაცისი

მყვარებია ხანი დიდი, ქალი თურმე ვიღაცისი
მივედი და ხელი ვთხოვე, შემებრალა მამამისი:
”ეს ერთი რამ შემრჩა წინა მეუღლისგან სამახსოვრო
დამრჩა თითო პარასკევი - უიმისოდ არ მაცხოვრო...”
მოხუცს მართლა ჰყვარებია ცოლი, მისი თვალის სიო
მონატრება არის მწარე, ინახულა საიქიოს.
ალბათ მაშინ ორივენნი ბედნიერნი იყვნენ ძლიერ
როცა ქალის ლამაზ თითზე ყვითელი წრე შევაბნიე.
ის დღე უცებ გაიცრიცა და საღამო დგება ვნების
ქალის ლამაზ ორნამენტებს და შედევრებს ხელოვნების
დავეწაფე კრძალვით, ხარბად, მასაც ძლიერ გაეხარდა
იდგა ჩემს წინ ანგელოზი თითქოს დავინჩს დაეხატა...
ვიცოდით რომ წლები უცებ მიილევა, იპარება
და თამბაქოს ფერი თმები თეთრი თოვლით იფარება.
გვსურდა ისე რომ გვეცხოვრა ჩვენი კარგის სხვას არ შურდეს
სიკეთეს რომ ვუწყალობებთ არ ვითხოვდეთ სხვისგან ხურდებს.
ხან მზე გვწვავდა ხან ვნატრობდით, ბოლოს კიდეც გაგვიავდრდა,
გემით ნაპირს მივადექით და დაეშვა ქვემოთ აფრა.
ჩამოვედით ერთ კუნძულზე, გვითხრეს ქვია მას ”სიბერე”,
დავესახლეთ ჩვენს შვილებთან - ერთმანეთი შევიფერეთ.
ქალის ორნამენტებიდან თვალნი დარჩა შეუცვლელნი
ცხოვრებისკენ ვიყურები: სხვა ნაწილებს რა უქენი?
მის სახეზე ნაოჭებში ერთი რაღაც იკითხება:
”იქაც ასე გეყვარები? გული მუდამ მეკითხება”
ჩემს დაჩონჩხილ თითებს ძლიერ შემოვაჭდობ მის მკრთალ მტევანს
ჩამოვჯდებით ზღვის ნაპირთან და მოჰყვება ღამე თევას...

Sunday, November 1, 2009

აფთარი

გამეღვიძება შეშლილი სახით
და დავიკივლებ როგორც აფთარი
თუ ვერ მომიშვერ ვერცხლისფერ სახეს
გავიყინები როგორც ზამთარი.

და აცივდება, ხმა მიკანკალებს
მთვარე აღარ ჩანს და თოვას ურევს,
ოქროს ძაფები წყდებიან გულში
და ვეღარ ვტოვებ ვერც ნაფეხურებს.

ასი წლის შემდეგ დაგხვდები კართან
რომელსაც მხოლოდ სულები აღებს,
ეჭვი მკლავს იქნებ ვერ მიცნო სულაც
და მკითხო რისთვის მელოდი ამდენს.

ქარი ქარავს

ქარი ქარია და ამით ქარავს
სიოს ხელს უშლის დაბეროს წყნარად,
ადგილს ვერ ჰპოვებს მანამდე სანამ
შავი ღრუბლები ცას არ დაფარავს
წვიმა ასველებს ხავსსა და ბალახს
მდინარეები ერევა ტალახს
მიდის ღრუბლები ვით ცხვრების ფარა
ვიღაცა გულში რაღაცას ფარავს,
ქალი ქალია და ამით ქარავს
სინაზე მუდამ მის სახეს ფარავს
თუ არ ეამა? მყის გეტყვის ”არას”
და თუ პირიქით - შეიმჩნევს არას.

ლაშას

მიმეთვლიმა და მომპარეს მამაო
შენი ქვეყნად არსებობა კმარაო,
მოვასწარი ვეღარ თვალის გახელა
იქნებ მსურდა თქვენთვის რამის გამხელა
უკვე ვხედავ ძლიერ არის გვიანი
რად არ ფიქრობს ადრე ადამიანი,
ღმერთო ერთი მომიტევე იცოდე
ნაჩუქარი დაგიბრუნე სიცოცხლე.

მე რომ მოვკვდები

მე რომ მოვკვდები იტყვიან ასე
სიცოცხლე მეტად უყვარდა თავზე,
საუბრის ნაცვლად იცოდა ბოდვა
იტანჯებოდა და იყო ცოდვა.
ოდესმე ღმერთი მომიხმობს მასთან
ამ წამებს დიდად არ ველოდები,
წამოვშლი ქვეყნად დაგებულ კარავს
აღარასოდეს განვმეორდები...

ხელები

შუშას მივადე თბილი ხელები
და გამახსენდა ის სახელები,
რომლებსაც ვწერდი წინათ მინაზე
ჩემგან კი ახლდა მხოლოდ სინაზე.
თვალს ვერ ვუსწორებ ქვის ძველ სახეებს
მიგებენ ყველგან მხოლოდ მახეებს
ვხედავ რომ წარსულს მალე ველევი
შუშაზე მიკრთის ცივი ხელები.

მზე

უცნაურია მზე ჩამავალი
წითლდება როგორც ვაშლი ედემის
რა ხანმოკლეა ეს სიყვარული,
როგორც სიცოცხლე თეთრი გედების,

გედის სიმღერა არის ფინიში
და სილამაზეც ქრება ნელ-ნელა
მე შემიყვარდა ვიღაც ივნისში
დღეს კი გაფრინდა როგორც პეპელა.


საცოლე

ზღვაა ჩემი ლურჯთვალება საცოლე
ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ქვიშის საწოლზე
შემიყვარდა როგორც კი დავინახე
და ეს გრძნობა დღემდე შემოვინახე

პირველად რომ შემამჩნია აღელდა
თეთრი ქაფი მის გულისთქმას ამხელდა
გამიღიმა,ბოლოს თვალიც ჩამიკრა
მომეხვია და შიგ გულში ჩამიკრა

მითხრა, ჩემგან თუ ნიჟარას წაიღებ
ჩემს სუნთქვას შენს ყურთან ახლო გაიგებ,
წამოვიღე ზღვის ნიაჟარა ხვეული
მისგან შორს რომ აღარ ვიყო ეული

მენატრება პეიზაჟი წითელი
და საღამო ზღვაზე შარშანწინდელი.


ბროწეულები

ეზოს უცქერს თათრის ბროწეულები
სიმძიმისგან ძირს ჩამოწეულები
შენს ყელზე კი ბზინავს ძოწეულები
ძვირფას თვლების მთელი ოცეულები


***

შემიყვარდა კიდევ ერთი ასული
ვიფიქრე რომ მზე არ არის ჩასული
დავუმტკიცე მთელი გული და სული
მითხრა ჩემთვის შენ ხარ ვადა გასული :)

ხოჭო

ვარსკვლავების ცა მიჰქონდა ნამცეცებს,
მთვარე მზისკენ თვალებს ისევ აცეცებს,
ერთმანეთის დავატოლეთ თითები,
ხოჭოებზე გამახსენდა მითები...

ვერ გამათბო მე იმისმა ხელებმა
ვერც თვალებმა ფართოდ განახელებმა,
წამოვედი მივუყვები ნაპირებს,
ალბათ ძილსაც მთვარის შუქზე აპირებს.