Tuesday, September 21, 2010

ბაჯაღლო

მე შეგხვდი ისევ ასი წლის შემდეგ
შენ კი ვიღაცის გამხდარხარ ვარდი,
იმაზე მეტად მიყვარხარ ახლა
ვიდრე ასი წლის წინათ მიყვარდი

არათითს ვხედავ გიმძიმებს ძლიერ
ყვითელი რგოლი, თანაც ბაჯაღლო
ამაყად ამხელს სხვისია ქალი
გვიანია და ხელი არ ახლო

თუ კი ამ ქვეყნად არ მიწერია
ცხოვრება შენთან - თავს მოვერევი
იმ ქვეყნად მაინც მოვალ შენამდე
და სამუდამოდ მოგეფერები...

Monday, August 23, 2010

ტალღა

მომენატრები როგორც ზღვის ტალღა
ზღვამ ხომ ტალღებით არ იცის დაღლა,
ჩამავალ მზისკენ მივდივარ ახლა
მზე ჩადის ქვემოთ, მე ვრჩები მაღლა...

Monday, June 21, 2010

ნეფერტიტი

მახსოვს ერთხელ შევესწარი ზამთარში
ვიღაც წყვილი ჯვარს იწერდა საყდარში
გამიშტერდა თვალი, გავხდი სხვაფერი
პატარძლის რომ დავინახე შაფერი.

მივატოვე ჩემი ლოცვა-ვედრება
სილამაზეს ქვეყნად რა შეედრება?
სახეს ეცა შუქი სანთლის ძლიერი
ნეფერტიტის მომაგონა იერი.

მისი სახე ახლაც თვალს მებლანდება
ვიცი დიდხანს, მანამ მომელანდება
სანამ ისევ არ შევხვდებით საყდარში
მე შავ ფრაკში, ის კი დიდ თეთრ კაბაში.

სოკო

გაზაფხულდა, მომილოცავს სოფი
აყვავდება მალე მთა და კორდი
დაიწყება ხვნა და თესვა სოფლის
გაზაფხულის ლამაზი აკორდი,

ზაფხულის დროც მალე მოვა სოფო,
მივაწყდებით ზღვის ნაპირებს ხარბად
ბუნგალო დგას როგორც დიდი სოკო
ზაფხულს მასთან გავატარებთ ალბათ.

Sunday, May 16, 2010

***

ადრე მღვდელი აცილებდა მეომარს
და სამშობლოც სწორედ ასე გადარჩა
შენში ვხედავ უერთგულეს მეგობარს
არ მიმტყუნო თორემ მზად მაქვს დამბაჩა

Thursday, May 6, 2010

თუ

თუ კი მომეფერები
ცას გამოვეკერები
აღარ წავალ სამოთხეს
თუ დამითმობ სამ-ოთხ დღეს,
თუ მაკოცებ გვერდიდან
ნუღარ მეტყვი ”ვერ გიტან”
ერთი კითხვა მაწამებს
ვის მიადებ წამწამებს
დამიჯექი ლოგინთან
თუ ოდესმე მოგინდა
წამიკითხე ზღაპრები
თორემ დავიზაფრები

Thursday, April 22, 2010

მე მიყვარს

მე მიყვარს ძერა და ძერის ფრთები
მე მიყვარს მზე და მზერით ვერ ვთბები,
მე მიყვარს ხოჭო და ხოჭოს ხმები
მე შენი მიყვარს დაშლილი თმები...

არ მიყვარს წვიმა, არც მისი თქეში
ვერ ვიტან კატას რომ ვიჭერ ბნელში,
არ მიყვარს ნიღაბს რომ ხმარობს სახე
ვერ აგიტანე სხვასთან რომ გნახე...

მე მიყვარს შენი დაშლილი თმები
და ზღვაზე ღამით ტალღების ხმები
ვერ ავიტანე ის შენი სახე
როცა პირველად სხვის გვერდით გნახე.

Tuesday, April 13, 2010

გომ MELAURI

არ მიტაცებს გომი არც მელაური
მომაკლდება ვიცი გომელაური,
თავის უცხო ფორმით, ნალექსარებით
ჩვენ იმ ქვეყნად არვის არ ვემგზავრებით.
რატომ მიდის ყველა ნიჭი ადრიან
ცოცხლებს არა, მერე მკვდრებს შენატრიან,
მოფერება აღარ შველის წარსულებს
საფლავის ქვა სულ ყველაფერს ასრულებს...

Sunday, March 21, 2010

ორი

დავიღალე და ცაში ავხედე
მზე მეკითხება რა ითავხედე?
სადაც წავედი ყველგან ერთია
ყველგან იგივე ჯოჯოხეთია...
ამ ჩემს პასუხზე მზე თითქოს ჩაქვრა
და ცალი თვალი ოდნავად ჩაკრა
მერე ჩურჩულით ჩამომიძახა
ადრე მიმხვდარხარ - მხოლოდ მიწა ხარ...

Friday, February 19, 2010

მასაჩუსეტსი

მალე ისევ ისე გაზაფხულდება
გულს უშენოდ ყოფნა აღარ უნდება
მომენდომე როგორც ადამს ევიტა
ძალიან ხარ შორს და რაღაც ვერ ვიტან,

ვერ გაჩუქე სიყვარულის ნაყოფი
სითბო გქონდა მთელი ქვეყნის სამყოფი
ვარსკვლავების მიჭირს დათვლა ზეცაზე
რომ მეპოვნე რამდენი რამ ვეცადე,

გახსოვს როგორ მოგიპოვე შემთხვევით
ვოცნებობდი ხელზე როდის ვემთხვევი
მერე უცებ როგორც მარტი აჭრილი
შეიცვალე, გაქრა შენი აჩრდილი,

ერთმანეთს გვყოფს ოკეანის სიშორე
მაგრამ ფიქრი შენზე ვერ მოვიშორე
ხვდები როგორ მოიწყენდა ადამი
და აჩუქა ღმერთმა სითბოს მადანი,

სწორედ ისე როგორც ადამს ევიტა
მომენატრე და რომ არ ხარ ვერ ვიტან.