Wednesday, November 22, 2017

ნოემბერი

გახსოვს გჩუქნიდი ვარდებს ასობით
გვირილებს ერთად ვკრეფდით მინდორში,
ვერ მეჯერება მეტად ვფასობდით
ანდა გვიყვარდა მეტად იმ დროში?

გახსოვს ვამბობდი მე ვარ თევზები,
ხან მეყვარები, ხან მომბეზრდები
ისიც გითხარი მიყვარს სიმშვიდე
როცა ზღვას ვუსმენ ხელს არ მიშლიდე,

ახლა ნოემბრის ორია ოცდა
მალე ზამთარი ძალებს მოიკრებს,
კვლავ მომინდება სახეზე კოცნა
გვირილებს მინდვრად როდის მოგიკრეფ

თუმცა ისეთი მომყვება განცდა
ამ ქვეყნად ჩემი მარტია მარტო
ხშირად ნაჩქარებს ჯობია დაცდა
გასულზე ფიქრში დრო რომ არ კარგო.

გახსოვს გჩუქნიდი იასამანებს
როცა ვარდები არ მქონდა ასად,
ამას ვეღარც დრო დაასამარებს
რა წლებს გჩუქნიდი და თან რის ფასად.

22.11.17

No comments:

Post a Comment