Monday, November 23, 2009

გუშინ

მზეს გავუსწორე თვალები გუშინ
და იცი ჩუმად რა მითხრა ყურში?
სხვასაც თუ ასე ჩახედავ გულში
ნუღარ მომძებნი ნურც შუა ზაფხულში

ეჭვიანია მზე როგორც ქალი,
ვერ დათმობს თუ კი მოწყვიტე თვალი
ვიგონებ როგორ მითბობდა ხელებს
მასზე შეხედვაც მიტოვებს ცრემლებს.

Thursday, November 19, 2009

მარტი

”მე დავიბადე აპრილის თვეში”
ასე იგონებს ყველა ტიციანს
აპრილს გავცვლიდი მარტში თან ჭრელში
მარტი უცხოა და არ იციან,

ზოდიაქოში? ვირჩევდი თევზებს
ზედა რომ ქვედას გარეშე ვერ ძლებს,
ვარსკვლავებიდან მიზიდავს მთვარე,
მასავით მეც რომ მაქვს ბნელი მხარე.

Tuesday, November 17, 2009

ავაზა

წინ შემეჩეხა შავი ავაზა,
ცოლობა ვთხოვე, ხმა დაანაზა,
შემომანათა თვალები ბნელი
უკან გადავდგი ნაბიჯი ნელი.

მე შენგან მხოლოდ მჭირდება თათი,
და მორჩა იქვე ჩვენი კამათი...
ამაყად იდგა შავი ავაზა
და გული მისი შემომთავაზა.

Sunday, November 15, 2009

მთვარის ფაზები

რად გითხარი მომწონხართქო? აწი დაინაზები
და წამოვა წვიმასავით მოზომილი ფრაზები,
მთვარესავით გამატარებ - შევსებამდე ფაზები
თან მედები ისე უცებ, როგორც მეტასტაზები...

???

ქარი ზღვის ტალღებს აშლის ვით აფრებს
შეურაცხადი ყოველთვის აფრენს???

Saturday, November 14, 2009

სახე წამეშალა

სახე წამეშალა როგორც ნაფანქრალი
სადღაც ჩამოვჯექი, მგონი საფეხურზე,
კივის ელმავალი ახლად დანაძრალი
ესეც მაწუხებს და ხელებს ვიჭერ ყურზე,

მგონი დავიღალე, მაგრამ რა დროსია
ჯერ ხომ ოცდაშვიდიც ვეღარ დავითვალე,
როგორც სიკვდილს თურმე - დაღლას არ სცოდნია
არც დრო, არც ასაკი, არც ის რა ისწავლე,

ახლა მხოლოდ ჩემთან არის ნატაძრალი
ჩუმად მეუბნება: შენს მეტს აღარ ველი,
ვეღარ დამიხატავს ვეღარც რაფაელი
სახე წამეშალა როგორც ნაფანქრალი.

Thursday, November 12, 2009

მოგანდომინო

       ისევ ღამე, ისევ წვიმა, ისევ ახლის ლოდინი
       ხალხი ისე იძირება, ზღვის ფსკერისკენ ლოდივით
       მინდა დილით გვაღვიძებდეს მზის სხივები თვალებში
       ერთმანეთი რომ დავტოვოთ სიყვარულის ვალებში
ისევ დილა, ისევ ქარი, ისევ მოკლე ქალაქი
ხალხი დადის გაბუძგული თითქოს მოკლეს დალაქი,
მინდა დილით გაღვიძება ჩემთან მოგანდომინო
მხარი მხარზე რომ მივადოთ, როგორც წყვილი დომინო.
      

სცენა

ნუთუ ერთად ვართ, სპექტაკლზე ისიც?
ვერც ვიფიქრებდი, ღმერთო ხომ იცი?
ვუყურებ სცენას და ვფიქრობ რაზე?
ჩაკეტეთ კარი და გადარაზეთ,
რომ დიხანს ვიყოთ გვერდიგვერდ ახლო
თუნდ ნეკა თითი თმაზეც არ გახლო,
მინდა ჩავხედო შენს თვალის ბადეს,
მაგრამ სცენაა წინ, ბორკილს მადებს,
რომ ვერ მოგხედო გვერდით თუნდ წამით
შურიანია სპექტაკლი ამით...
ნუთუ ერთად ვართ, სპექტაკლზე ისიც
ჩემსავით ნეტავ თუ ფიქრობს ისიც?


Wednesday, November 11, 2009

კუ ვერ გავა ბაკნიდან

ლალი, ლიკა თუ ორივეს ნარევი, ერქვა
რატომ დავრჩი გადანარევი?
როცა მისი არ მხიბლავდა გონება
სხვის დაკრულზე ცეკვით რომ ემონება,

გვიან მივხვდი, როგორც კუ და ბაკანი
ცეკვა იყო მისი სულის საკანი,
არ იფიქროთ ქალს ვხატავდე რითმებით
მას ვუყვები, ჩემთვის რამდენს ითმენდი.

საუკუნის ითვლი ზუსტად მეხუთედს
აღარ მახსოვს რამდენჯერ ჩამეხუტე,
შემიყვარდი შენს გამხელილ სიცილზე
მავიწყდება როგორია სიცივე...

კუ ხომ ვეღარ გავა თავის ბაკნიდან
მე კი მითხრეს, კუს ერიდე, აკვნიდან
ვერ წახვედი მე გაგიშვი თითებით
მთვარეს გატან ღამით მარგალიტებით,

შენ მაჩუქე გული, მაგრამ სიცილზე
ვიხელცივე -მკვდარს არ მეგრძნო სიცივე...

Monday, November 9, 2009

ნია

პატარა და მოკლედ, მხოლოდ
ნია...
სამმა ასომ როგორ ამაბნია?
იქნებ ჩემს თავს მხოლოდ ნიავია
და ქარიშხალს ჯერ არ მოუგნია...

Saturday, November 7, 2009

სხვისი

ჩავუკარი თვალი - თვალში ჩამიკრა
არ დამცალდა, პირი ხელით ამიკრა,
გამოვყევი მითხრა თვალის ნაკვალევს
ეს წუთები შენთან ყოფნას მაძალებს,
პირთან ერთად თურმე სუნთქვაც ამეკრა
ქალი იყო ხელი როგორღამეკრა?
დილით ვხედავ კარში ჩემს საწოლიდან
არ წახვიდე!!! მითხრა - სხვისი ცოლი ვარ...

Friday, November 6, 2009

ჭკუად მყოფელი

ვხედავ ირგვლივ ხალხი შემომეცალა
თითქოს ყველას რაღაც ფერი ეცვალა,
მიაკვლიეს ალბათ თავის შარაგზებს
და ჩემთვის კი კარი მაგრად ჩარაზეს.

მეგობრები შემრჩა თითზე სათვლელი
მათ სიწმინდეს შეედრება სანთლები,
მინათებენ გასავლელ გზის ბილიკებს
ამ სიკეთეს ვერავინ დაივიწყებს,

ეს სამყარო არის წუთით სოფელი
განა მეტხანს გაძლებს ჭკუად მყოფელი?

ტუჩის გემო

შენი ტუჩის გემო მინდა გავიგო
სიყვარულის კოშკები რომ აგიგო,
რომლებიც არ დაინგრევა არასდროს
შენი ტრფობა სიკვდილამდის გამათბობს.

თუ კი გითხრა მიყვარხართქო ძვირფასო
ეცადე, რომ თავი არ დაიფასო,
გთხოვ, მთელი გულით და სულით იმას რომ
ეგ სიტყვები სხვებთან არ გამიბაზრო.

ტურა

კუნძულ-კუნძულ, ძუნძულ-ძუნძულ
ტურა ეძებს თავის კუნძულს,
ტურა ეძებს თავის კუნძულს
და წააწყდა მთას მოკუნძულს,
რაღა ექნა ტურას უძლურს
შეეკედლა მთას მოფუზულს...

Thursday, November 5, 2009

”დაიმონდები”

ღამე, მთვარე, ცაზე ყრია შუშები
ვერ ახიკავს დედამიწის მუშები
ბრწყინავს ისე, როგორც ”დაიმონდები”
მეყვარები, მუდამ მომაგონდები...

"ბისტრო”

გუშინ ღამე გავათენე თეთრად
ვიგონებდი რომ ვიყავით ერთად,
გასარუჯად ცხელი მზის ქვეშ პლაჟზე
დრო მიფრინავს ვით მხედარი რაშზე.
დღესაც მახსოვს მიმოზები მორცხვი
და მწვანეში ჩაძირული კონცხი,
მახსოვს სოკოს გემრიელი პიცა
ვიღაც ქალმა შეკვეთა რომ მისცა,
ღამით ყველგან ანათებდა ”ბისტრო”
ეჰ, არასდროს დაბბრუნდება ის დრო...

ვიღაცისი

მყვარებია ხანი დიდი, ქალი თურმე ვიღაცისი
მივედი და ხელი ვთხოვე, შემებრალა მამამისი:
”ეს ერთი რამ შემრჩა წინა მეუღლისგან სამახსოვრო
დამრჩა თითო პარასკევი - უიმისოდ არ მაცხოვრო...”
მოხუცს მართლა ჰყვარებია ცოლი, მისი თვალის სიო
მონატრება არის მწარე, ინახულა საიქიოს.
ალბათ მაშინ ორივენნი ბედნიერნი იყვნენ ძლიერ
როცა ქალის ლამაზ თითზე ყვითელი წრე შევაბნიე.
ის დღე უცებ გაიცრიცა და საღამო დგება ვნების
ქალის ლამაზ ორნამენტებს და შედევრებს ხელოვნების
დავეწაფე კრძალვით, ხარბად, მასაც ძლიერ გაეხარდა
იდგა ჩემს წინ ანგელოზი თითქოს დავინჩს დაეხატა...
ვიცოდით რომ წლები უცებ მიილევა, იპარება
და თამბაქოს ფერი თმები თეთრი თოვლით იფარება.
გვსურდა ისე რომ გვეცხოვრა ჩვენი კარგის სხვას არ შურდეს
სიკეთეს რომ ვუწყალობებთ არ ვითხოვდეთ სხვისგან ხურდებს.
ხან მზე გვწვავდა ხან ვნატრობდით, ბოლოს კიდეც გაგვიავდრდა,
გემით ნაპირს მივადექით და დაეშვა ქვემოთ აფრა.
ჩამოვედით ერთ კუნძულზე, გვითხრეს ქვია მას ”სიბერე”,
დავესახლეთ ჩვენს შვილებთან - ერთმანეთი შევიფერეთ.
ქალის ორნამენტებიდან თვალნი დარჩა შეუცვლელნი
ცხოვრებისკენ ვიყურები: სხვა ნაწილებს რა უქენი?
მის სახეზე ნაოჭებში ერთი რაღაც იკითხება:
”იქაც ასე გეყვარები? გული მუდამ მეკითხება”
ჩემს დაჩონჩხილ თითებს ძლიერ შემოვაჭდობ მის მკრთალ მტევანს
ჩამოვჯდებით ზღვის ნაპირთან და მოჰყვება ღამე თევას...

Sunday, November 1, 2009

აფთარი

გამეღვიძება შეშლილი სახით
და დავიკივლებ როგორც აფთარი
თუ ვერ მომიშვერ ვერცხლისფერ სახეს
გავიყინები როგორც ზამთარი.

და აცივდება, ხმა მიკანკალებს
მთვარე აღარ ჩანს და თოვას ურევს,
ოქროს ძაფები წყდებიან გულში
და ვეღარ ვტოვებ ვერც ნაფეხურებს.

ასი წლის შემდეგ დაგხვდები კართან
რომელსაც მხოლოდ სულები აღებს,
ეჭვი მკლავს იქნებ ვერ მიცნო სულაც
და მკითხო რისთვის მელოდი ამდენს.

ქარი ქარავს

ქარი ქარია და ამით ქარავს
სიოს ხელს უშლის დაბეროს წყნარად,
ადგილს ვერ ჰპოვებს მანამდე სანამ
შავი ღრუბლები ცას არ დაფარავს
წვიმა ასველებს ხავსსა და ბალახს
მდინარეები ერევა ტალახს
მიდის ღრუბლები ვით ცხვრების ფარა
ვიღაცა გულში რაღაცას ფარავს,
ქალი ქალია და ამით ქარავს
სინაზე მუდამ მის სახეს ფარავს
თუ არ ეამა? მყის გეტყვის ”არას”
და თუ პირიქით - შეიმჩნევს არას.

ლაშას

მიმეთვლიმა და მომპარეს მამაო
შენი ქვეყნად არსებობა კმარაო,
მოვასწარი ვეღარ თვალის გახელა
იქნებ მსურდა თქვენთვის რამის გამხელა
უკვე ვხედავ ძლიერ არის გვიანი
რად არ ფიქრობს ადრე ადამიანი,
ღმერთო ერთი მომიტევე იცოდე
ნაჩუქარი დაგიბრუნე სიცოცხლე.

მე რომ მოვკვდები

მე რომ მოვკვდები იტყვიან ასე
სიცოცხლე მეტად უყვარდა თავზე,
საუბრის ნაცვლად იცოდა ბოდვა
იტანჯებოდა და იყო ცოდვა.
ოდესმე ღმერთი მომიხმობს მასთან
ამ წამებს დიდად არ ველოდები,
წამოვშლი ქვეყნად დაგებულ კარავს
აღარასოდეს განვმეორდები...

ხელები

შუშას მივადე თბილი ხელები
და გამახსენდა ის სახელები,
რომლებსაც ვწერდი წინათ მინაზე
ჩემგან კი ახლდა მხოლოდ სინაზე.
თვალს ვერ ვუსწორებ ქვის ძველ სახეებს
მიგებენ ყველგან მხოლოდ მახეებს
ვხედავ რომ წარსულს მალე ველევი
შუშაზე მიკრთის ცივი ხელები.

მზე

უცნაურია მზე ჩამავალი
წითლდება როგორც ვაშლი ედემის
რა ხანმოკლეა ეს სიყვარული,
როგორც სიცოცხლე თეთრი გედების,

გედის სიმღერა არის ფინიში
და სილამაზეც ქრება ნელ-ნელა
მე შემიყვარდა ვიღაც ივნისში
დღეს კი გაფრინდა როგორც პეპელა.


საცოლე

ზღვაა ჩემი ლურჯთვალება საცოლე
ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ქვიშის საწოლზე
შემიყვარდა როგორც კი დავინახე
და ეს გრძნობა დღემდე შემოვინახე

პირველად რომ შემამჩნია აღელდა
თეთრი ქაფი მის გულისთქმას ამხელდა
გამიღიმა,ბოლოს თვალიც ჩამიკრა
მომეხვია და შიგ გულში ჩამიკრა

მითხრა, ჩემგან თუ ნიჟარას წაიღებ
ჩემს სუნთქვას შენს ყურთან ახლო გაიგებ,
წამოვიღე ზღვის ნიაჟარა ხვეული
მისგან შორს რომ აღარ ვიყო ეული

მენატრება პეიზაჟი წითელი
და საღამო ზღვაზე შარშანწინდელი.


ბროწეულები

ეზოს უცქერს თათრის ბროწეულები
სიმძიმისგან ძირს ჩამოწეულები
შენს ყელზე კი ბზინავს ძოწეულები
ძვირფას თვლების მთელი ოცეულები


***

შემიყვარდა კიდევ ერთი ასული
ვიფიქრე რომ მზე არ არის ჩასული
დავუმტკიცე მთელი გული და სული
მითხრა ჩემთვის შენ ხარ ვადა გასული :)

ხოჭო

ვარსკვლავების ცა მიჰქონდა ნამცეცებს,
მთვარე მზისკენ თვალებს ისევ აცეცებს,
ერთმანეთის დავატოლეთ თითები,
ხოჭოებზე გამახსენდა მითები...

ვერ გამათბო მე იმისმა ხელებმა
ვერც თვალებმა ფართოდ განახელებმა,
წამოვედი მივუყვები ნაპირებს,
ალბათ ძილსაც მთვარის შუქზე აპირებს.