Thursday, November 5, 2009

ვიღაცისი

მყვარებია ხანი დიდი, ქალი თურმე ვიღაცისი
მივედი და ხელი ვთხოვე, შემებრალა მამამისი:
”ეს ერთი რამ შემრჩა წინა მეუღლისგან სამახსოვრო
დამრჩა თითო პარასკევი - უიმისოდ არ მაცხოვრო...”
მოხუცს მართლა ჰყვარებია ცოლი, მისი თვალის სიო
მონატრება არის მწარე, ინახულა საიქიოს.
ალბათ მაშინ ორივენნი ბედნიერნი იყვნენ ძლიერ
როცა ქალის ლამაზ თითზე ყვითელი წრე შევაბნიე.
ის დღე უცებ გაიცრიცა და საღამო დგება ვნების
ქალის ლამაზ ორნამენტებს და შედევრებს ხელოვნების
დავეწაფე კრძალვით, ხარბად, მასაც ძლიერ გაეხარდა
იდგა ჩემს წინ ანგელოზი თითქოს დავინჩს დაეხატა...
ვიცოდით რომ წლები უცებ მიილევა, იპარება
და თამბაქოს ფერი თმები თეთრი თოვლით იფარება.
გვსურდა ისე რომ გვეცხოვრა ჩვენი კარგის სხვას არ შურდეს
სიკეთეს რომ ვუწყალობებთ არ ვითხოვდეთ სხვისგან ხურდებს.
ხან მზე გვწვავდა ხან ვნატრობდით, ბოლოს კიდეც გაგვიავდრდა,
გემით ნაპირს მივადექით და დაეშვა ქვემოთ აფრა.
ჩამოვედით ერთ კუნძულზე, გვითხრეს ქვია მას ”სიბერე”,
დავესახლეთ ჩვენს შვილებთან - ერთმანეთი შევიფერეთ.
ქალის ორნამენტებიდან თვალნი დარჩა შეუცვლელნი
ცხოვრებისკენ ვიყურები: სხვა ნაწილებს რა უქენი?
მის სახეზე ნაოჭებში ერთი რაღაც იკითხება:
”იქაც ასე გეყვარები? გული მუდამ მეკითხება”
ჩემს დაჩონჩხილ თითებს ძლიერ შემოვაჭდობ მის მკრთალ მტევანს
ჩამოვჯდებით ზღვის ნაპირთან და მოჰყვება ღამე თევას...

5 comments: